წვიმამ და სიცივემ გათელა ვერხვის ფოთოლი...
სილამაზე წაიღო საღამოს ბინდმა...მარტოდ დარჩენილი ამ ვერხის ფოთოლს დამსგავსებოდა კატერინა.
ძნელი ყოფილა მარტოობა..
ალბათ არასოდეს დაფიქრდებოდა კატერინა, რომ სულის წუხილს გაუგებდა ვინმე და იდგა ამაყი და მოუდრეკავი, ცისფერ ლანდებში დაჰყვებოდა ოცნებებს...
მოსწონდა, რომ თავისი გამოგონილი ამბები ყველას მართალი ეგონა...ასე არ თვლიდა მხოლოდ ერთი...იმ ერთმა იცოდა, რა სტკიოდა, რა იმალებოდა მისი სიჩუმის უკან...უნდოდა ეთქვა, გაემხილა, მაგრამ მათ შორის უხილავი, ამოუცნობი ზრდილობა აღმართულიყო და ამის ნებას არ აძლევდა..არადა ძალიან უყვარდა და ებრალებოდა, თუნდაც ამ დარდის გამო...
რას არ გაიღებდა, რომ ამოეხსნა სიჩუმის მიზეზი...სხვა დროს ,,მოქარგული ენის პატრონი"
სათქმელს ვერ უბედავდა.ხან რომელი მხრიდან შემოურა და საუბრის გაბმა სცადა, ხან რომელი ხერხით შეეცადა გულისნადების გაგებას, მაგრამ კატერინა-ყველასათვის საყვარელი კატერინა-იდგა , დუმდა და რაღაცას ელოდა...
თმაში შეპარულმა ჭაღარამაც ვერ გატეხა,ქედი ვერ მოახრევინა...
მხოლოდ წლების შემდეგ, როცა ტელეკრანთან მიმჯდარი, შალშემოხვეული უსმენდა პატარების სიყვარულის ამბავს, მაშინ წამოსცდა დუმილის მიზეზი-ვერ ვენდობოდიო ასე გულწრფელად...თითქოს ნაქურდალზე წაასწრესო, ისე მიმოიხედა ოთახში...
ოთახში არავინ იყო და შვებით ამოისუნთქა...
გარეთ კი ისევ უკრავდა წვიმა...
ტანგოს საცეკვაოდ იწვევდა ჯერ კიდევ ხეზე შემორჩენილ ვერხვის ფოთლებს...
No comments:
Post a Comment