Monday, 6 May 2019

,,ეს უკვე მეტისმეტია, თავს გავიდა..ვერ ვაპატიებ...წერტილი უნდა დაუსვა"-თვალებზე მომდგარ ცრემლების უკან გაბრუნებას ცდილობდა, წამწამებს აფახულებდა და თვალის კუთხეებს ისწორებდა ქეთი.არ უნდოდა ვინმეს შეემჩნია, რომ გული საგულეს აღარ ქონდა და სადაცა დაამთავრებდა სიყვარულის ისტორიას ასე ნაბიჯ-ნაბიჯ რომ მოიყვანეს აქამდე.
თავი ჩაჰკიდა.მეზობლის ქალს თვალი ვერ გაუსწორა, ვითომ ვერ შეამჩნია.სადარბაზოსთან მიახლებულმა თეთრი, ოთხად გაკეცილი ფურცელი შენიშნა.გულგრილად ვერ ჩაუარა, ხელში აიღო, აშალა...
ერთმანეთს მიყოლებული, ლამაზი ხელით გამოყვანილი სიტყვების ჯარი გამწკივებულიყო.წერილი იყო, ვის სწერდნენ ვერ მიხვდა, მაგრამ ცნობისმოყვარეობამ სძლია, დაავიწყდა თავისი ამბავი და თვალი ვერ მოსტაცა ამ ამბავს.წერილის ავტორი, სავარაუდოდ, ქალი უნდა ყოფილიყო..
,,
ვერ გავბედე, რომ ცხადად მეთქვა, თუ როგორ მიყვარხარ! შენ რომ არ ყოფილიყავი ამ ქვეყნად, ალბათ ვერასოდეს შევძლებდი ,,ფორმაში ყოფნას".ვფიქრობ შენ ის ადამიანი ხარ, ნამდვილი მეუღლეობა რომ უნდა გაეწია ჩემთვის.სიტყვა უღელიც ხომ ამას ნიშნავს-ხან შენ იწევ და ხან მე, მაგრამ მაინც ერთნაირად ერთგულად ვეწევით ამ უღელს.შეიძლება ყველაფერი არ მომწონს რასაც შენ აკეთებ, მაგრამ ისეთი შემიყვარდი, როგორიც ხარ და მე არ ვნანობ.თვითკრიტიკაც შენ გამო ვისწავლე.თუ რამეს მივაღწიე შენი დამსახურებაა-შენ გეპრანჭებოდი, გიმტკიცებდი, რომ შემიძლია!
მე შენი მშობლებიც მიყვარს-ისინი რომ არ ყოფილიყვნენ, შენც არ იქნებოდი ამ ქვეყანაზე და მერე რა მეშველებოდა უშენოდ, პრინცი ხომ არც არასოდეს მიძებნია! შენიანებიც მიყვარს! იმოტომ, რომ ჩემების სიყვარული გაჩენის დღიდან მასწავლეს!
შენ ზუსტად ისეთი შემხვდი, როგორიც შემეფერებოდი.თავიდან რომ ვიწყებდე ცხოვრებას, ისევ შენ აგირჩევდი! მერე რა რომ დღეს ერთად აღარ ვცეკვავთ ,,როკენროლს" და ,,ავანაგელას"? მჯერა ეს დღე ისევ დაგვიდგება.მე და შენ წინ ბევრი ლამაზი წელი უნდა გავატაროთ!
ბევრი ქალისგან განსხვავებით, მე არასოდეს გადამიხდია დაბადაბის დღე რესტორანში, მაგრამ მე დღესაც იმ იების სურნელი მომყვება იანვარში რომ მაჩუქე, მაისის ვარდების სითბო დამყვება.შენ თავად ხარ დღესასწაული! გემოვნებიანი, დახვეწილი, საქმიანი...
შენთან ყოფნამ მაგრძნობინა, რომ გონება მუდამ ვავარჯიშო მაშინაც კი, თუ უცხოელ მსახიობებს ვერ ვიმახსოვრებ-შენ იმდენი რამ გინახავს, იცი... მე ვამაყობ შენით! მერე რა, რომ ხანდახან მაბრაზებ, როცა ბრაზობ.ჩემი დუმილი გულგრილობას კი არ ნიშნავს..შენი დარდი მედარდება!
მიყვარხარ და გთხოვ, მაპატიე თუ ბევრჯერ ვერ გეუბნები და თუ მოვკვდი,,ძეგლად გადამეფარე..."
ინიციალების ამკითხვა ვერ შეძლო.დიდხანს იდგა გახევებული..შერცხვა თავისი გადაწყვეტილების..
,,
არა, შევხვდები და ვეტყვი ყველაფერს..ასე გაგრძელება აღარ შემიძლია.მე ის მიყვარს და სიყვარული ყველაფერს შეგვაძლებინებს...''
ამ ფიქრში წასულს მეზობლის ქალი დაადგა თავს და ,,ხომ არაფერი გიჭირსო?"-ჰკითხა
ქეთიმ გაუღიმა, ცისარტყელასავით გამოანათა და თავი ლამაზად გაუქნია...წელში გამართული აუყვა კიბეს...

No comments:

Post a Comment