Monday, 6 May 2019

ანიკო
ზაფხული იყო.სიცხე სწავდა იქაურობას.ფრიალა, დაწინწკლული კაბით დადიოდა ანიკო .წლებს ვერაფერი დაეკლო და ხალისიანი ანიკო ყველაფერს სიცილითა და იუმორით აკეთებდა.
სამაგიეროდ დრო იყო სასტიკი და დაუნდობელი.
საგულდაგულოდ მალავდა მობილურ ტელეფონს, ვინ იცის როდის დაურეკევდნენ და დაავალებდნენ ზეგ რომ ბრძანება უნდა გამოვცეთ,ის საქმე რატომ გუშინ არ შეასრულეთო.
ითმენდა ანიკო, ახალგაზრდა გაბღენძილი ადამიანების გაფხორილ მანერებს-ეცინებოდა დაყენებული სახით რომ დადიოდნენ და მისი თანატოლები ,,ქალბატონობდნენ".
სწორედ იმ ცხელ ზაფხულს-გლეხები რომ თაკარა მზეშიც არ ერიდებოდნენ შრომას, ანიკო უფროსმა დაიბარა.სახლში ამ ამბის გამხელა უჭირდა.არც თვითონ უყვარდა სხვაგან სიარული და ოჯახშიც უშლიდნენ.
მერე დილას დაწინწკლულ კაბაში გამოწყობილი, თავისებურად გაპრანჭული ემზადებოდა წასასვლელად და ვერ დამალა ,,დაბარებული" რომ იყო.ქმარი, სხვა დროს ამაზე რომ გაბრაზდებოდა, ახლა სიამოვნებით დასთანხმდა თავად წაეყვანა.უკვირდა ანიკოს, მაგრამ ალბთ წინა დღის ნაბახუსევია და ჩემი სიამოვნება გადაწყვიტაო.ჩაუჯდა მორიდებულად მანქანაში, გადაიკრა ღვედი-თითქოს ეს უხილავი ღვედი არ სდევდა თან და გარინდებული მიუყვებოდა გზას ,,უფროსამდე".
აი, იქ მოხდა თუ მოხდა...უფროსს 9 საათზე ჰყავდა დაბარებული.ქმარს უთხრა: ალბათ ერთი საათი დამჭირდებაო-იცოდა უფროსების ამბავი, სად იციან მაგათ დროულად მისვლა და შესასვლელში სკამზე ჩამოსკუპდა.
გახდა 10 საათი... უფროსი არ გამოჩენილა... 
გახდა 11 საათი და რიხით შემოკაკუნდა სილამაზის სალონიდან(საპარიკმახეროს ვინღა ახსენებს, სადალაქოზე რომ აღარფერი ვთქვა) გადალამაზებული ქალი.ერთი ცივად მიესალმა ანიკოს და მის მსგავსად დაბარებულებს ერთი-ორი სიტყვა გადაუგდო.რაღაც ,,ფრენჩი" ახსენა.ანიკოს ამის არაფერი გაეგებოდა...
გული საგულეს აღარ ჰქონდა...დაბლა თედო ელოდებოდა და ტელეფონის ზარიც არ წყდებოდა.ისეთი სახე მიიღო, თითქოს ერთი სული ჰქონდა უფროსი როდის დაიწყებდა მის გალანძღვას.
რიხით დასწია კაბინეტის სახელური უფროსმა და ანიკოს თვალით ანიშნა შემოდიო.ნაძალადევი ღიმილით გაჰყვა მორჩილებას მიჩვეული პატარა ქალი.
დაიწყო.... რაკარუკით მიჰყვა სალანძღავი სიტყვები ერთმანეთს...ანიკო თავის მართლებას არ ეცდებოდა-პასუხს იშვიათად უბრუნებდა ვინმეს, მაშინაც კი თუ ნამდვილად მართალი იყო.ამ შემთხვევაში კი თავი არ,,გაუტოლა"..გულში კი იმას ფიქრობდა, რომ უფროსს სილამაზის სალონი ნამდვილად ვერ უშველიდა.აი, რა იყო ,,ფრენჩი" ეს მაინც ვერ გაიგო.
იუფროსა უფროსმა-ხან მანიკიურიანი თითები ასწია, ხან ვიღაცის ნაჩუქარი კალმით ანიშნა, რომ მეტი პასუხისმგებლობით მოჰკიდებოდა საქმეს და ხმის სიმშრალე რომ იგრძნო, გაჩერდა. 
გამოვიდა ანიკო...
ჩამოვიდა კიბეზე და როგორც კი ჩაჯდა მანქანაში ახლა იქ დაიწყო-არც აქ დააკლეს...გასაკვირი არც იყო, 3 საათი ელოდა თედო გახვითქული, ნაბახუსევი...
ითმინა ანიკომ...მივიდა სამსახურში და ახლა იქ დაიწყო...აქ კი ვეღარ მოითმინა და გული იჯერა ტირილით.
მერე..მერე კი ცისარტყელა რომ გამოანათებს წვიმის შენდეგ, ისე აუციმციმდა თვალები და იქ შეკრებილებს ჰკითხა: რა არის ხალხო ,,ფრენჩი"?
მეგობრებმა გაიცინეს და აუხსნეს ,ფრჩხილების მოვლის ერთგვარი ფორმაო..
სად იცოდა ანიკომ ეგ ამბები, ან სად ეცალა მაგისთვის..
წლების შემდეგაც სიცილით იხსენებდა ამ ამბავს და გულწრფელად სჯეროდა, რომ არ იმსახურებდა ასე მოქცევას, მაგრამ სამაგიეროდ გაიგო რა იყო ,,ფრენჩი"
ახლა თურმე ,,შილაკია" მოდაში, მაგრამ ანიკოს არც ეს ადარდებს.იცის, რომ მთავარია გულში გქონდეს ზეიმი და სილამაზე-ისევ სხვებმა გაიკეთონ ,,ფრენჩი" და მისთანები...

No comments:

Post a Comment