Monday, 6 May 2019

                               პროვინციის სურნელი
მე პროვინციაში ვცხოვრობ და ეს ხელს არ მიშლის ვიყო ლაღი და თამამი.აქ სხვა სურნელი ტრიალებს...
ისე, როგორც დედაქალქში, აქაც ბევრნი დაჰქრიან ავტომანქანებით, მაგრამ მე ჩემით დავქრივარ და ყველაზე სწრაფი ვარ..ვაჯობე ლეგენდარულ პედაგოგს და მიხარია კიდეც-ხომ ამბობენ:,, ის ურჩევნია.. რომ ...მამასაო" და ასე გავრითმე-მასწავლებელსაო...ესეც დაქარაგმების ერთი ხერხია, ბევრისგან მივიწყებული ხერხი...ფეხით სიარულს კი რა სჯობს: აქ მოსწავლე შეგხვდება-10 ან 20 წლის წინ რომ დაამთავრა სკოლა და ღიმილით მოგესალმება, იქ სხვა მოსწავლის მშობელი შემოგცინებს, მოგიკითხავს და ზრდილობიანად დაამატებს: ,,ჩემმა... სიყვარულით მოგიკითხაო" და ისედაც ქარაშოტს აყოლილი სიხარულისგან კინაღამ გავყვე ქარს... 
აქ სხვა სურნელი ტრიალებს-პირდაპირი და ირიბი გაგებით...
აქ ჯერ ისევ მაღვიძებს დილით მეზობლის მამალი და კი არ მწყინს! მიხარია...მიხარია იმიტომ, რომ ფესვებს არ მოვწყდი.მერე ხომ ვეღარ ვიტყოდი: ,,დილით მამალი თუ არ გაღვიძებს, ,,რაა მამული?" 
აქ სხვა სურნელი ტრიალებს...
ჯერ კიდევ მესმის მეზობლისას რას ხარშავენ და ,,ქინძის სურნელი" ჩემი ფანჯრის მინებს სწვდება და კი არ მაღიზიანებს?-პირიქით, მიხარია-იქ სიცოცხლე ჩქეფს...
აქ სამყაროს ბავშვები ,,აღმოჩენებით" სწავლობენ-აქ ჯერ ისევ შეიძლება ნახო როგორია ტალახი, მიეჩვიო ასკინკილით სიარულს, რომ გუბეში არ ჩავარდე...და რომელი ერთი ჩამოვთვალო...
აქ სხვა სურნელია...ისევ უყვართ გოგო-ბიჭებს ერთმანეთი და მიხარია, რომ თავისებურად გულწრფელად სწუხან და ,,ველად გაიჭრებიან..."
აქ ჯერ კიდევ შეიძლება გქონდეს იმედი, რომ თბილისიდან ,,მარშრუტკას" გამოატანენ, რასაც გინდა და გიხარია, გიხარია ასე რომ უახლოვდები დედაქალაქს...
ზეპირად იცი ვინ რას ყიდის, ვის მაღაზიაში რა უფრო ძვირია ანდა პირიქით იაფი...
ბანკომთან დიდი რიგიც გიხარია-გაღიმებულ ადამიანებს დაინახავ, ერთი კვირა მაინც...
პროვინციაში სხვა სურნელია...
თმადაკუწკუწებული თუ შეგნიშნეს-..დიდი ამბავი ყოფილა შენს თავს-ქორწილი ან ნიშნობა, ნათლობა ან დაბადების დღე..გიხარია, რომ იციან სად იყავი, როგორ დაისვენე თუ გაერთე...გვერდში დაგიდგებიან თუ გიჭირს, გაუხარდებათ თუ გიხარია...
პროვინციაში ცხოვრება სხვა ადმიანად გაქცევს-თვითდაჯერებული ხდები: იცი, რომ თუ გაგიჭირდა, სასწრაფოს არ უნდა დაელოდო და შენით მოახერო საავადმყოფომდე მისვლა- და როგორ გემატება სიამაყე, რომ შენ ვიღაცამ დაგაფასა და ცდილობ სიკეთე სიკეთით გადაუხადო...
მე პროვინციაში ვცხოვრობ და სულაც არ ვნაღვლობ თუ დედაქალაქში,,ივენთია"..სამაგიეროდ ვიცი, რომ კულტურის სახლს გავავსებ თუ მოვინდომე-იმდენი ნიჭიერი ბავშვი ცხოვრობს აქ...
მე პროვინციაში ვცხოვრობ და სულაც არ მინდა ქალაქი...
აქ სხვა სურნელი ტრიალებს, რომელსაც ბევრი ვერ შეიგრძნობს...ლაღი და თამამი ვარ... 

No comments:

Post a Comment